X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე - ყარაჯალას ნოემბრის ბოლოს ექნება სტანდარტის შესაბამისად მოწესრიგებული ცენტრალური ქუჩები

29 ოქტომბერი 2021

„სოფელ ყარაჯალაში მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. სამუშაოები მიმდინარეობს 3 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით. ეს არის, ფაქტობრივად, ცენტრალური ქუჩები. 3 კმ-დან გზის 1.7 კმ-ზე უკვე დაგებულია ასფალტის პირველ ფენა. მიმდინარე კვირაში დაიგება კიდევ 600 მეტრი გზა და ჯამურად, ნოემბრის ბოლოს გზა უკვე სრულად ასფალტირებული იქნება. აქამდე, გზა იყო გრუნტიანი და შესაბამისად, მასზე გადაადგილება მოსახლეობას უჭირდა. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მოეწყო როგორც სანიაღვრე სისტემები, ასევე ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა და შეიძლება ითქვას, რომ ყარაჯალას ნოემბრის ბოლოს ექნება სტანდარტის შესაბამისად მოწესრიგებული ცენტრალური ქუჩები,“ - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ყარაჯალაში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში ადგილობრივი მნიშვნელობის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. 

ეს არის სოფლის ცენტრალური გზაჯვარედინიდან სასაფლაოსკენ თურდოს ხევამდე მიმავალი საავტომობილო გზის მონაკვეთი, 35-ე ქუჩის (გულგულის გზა),  21-ე ქუჩის (მეჩეთიდან ალაზნისაკენ მიმავალი) და 25-ე ქუჩის (სევდინას უბანი, შემაერთებელი გზა) საავტომობილო გზის მონაკვეთები, რომელიც სამუშაოების დაწყებამდე იყო გრუნტიანი და აფერხებდა ავტოტრანსპორტის გადაადგილებას
გზის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებდა სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებას და სარეაბილიტაციო გზის სრულ მონაკვეთზე ასფალტის საფარის მოწყობას, სამუშაოების დასრულება ნოემბრის ბოლოსთვის იგეგმება.

სოფელ ყარაჯალის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 2.2 მილიონი ლარია.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაახლოებით 9 000 ადგილობრივი მოსახლე სტანდარტის შესაბამისი საავტომობილო გზით შეძლებს სარგებლობას.